გვერდების რაოდენობა

четверг, 17 февраля 2011 г.

ბოშა ხალხის ისტორია - ძველი ისტორია


ლინგვისტური და გენეტიკური კვლევების შედეგების მიხედვით, ბოშების წინაპრები ინდოეთიდან პირველად დაახლოებით 1000 კაცის ჯგუფის სახით გამოვიდნენ. ბოშების მიგრაციის დრო ზუსტად დადგენილი არ არის, ისევე როგორც მიგრაციის ტალღების რაოდენობა. სხვადასხვა მკვლევარები „პროტობოშების“ გამოსვლის დროდ ჩვენი წელთაღრიცხვის VI—X საუკუნეებს ასახელებენ. ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით, რომელიც ბოშათა ენებში სხვა ენებიდან შესული სიტყვების მიხედვით დადგინდა, თანამედროვე ბოშების წინაპრებმა დაახლოებით 400 წელი დაჰყვეს სპარსეთში, ვიდრე „რომ“–ების შტო დასავლეთით ბიზანტიის ტერიტორიისკენ გაემართებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციაში შეყოვდნენ, რომელსაც არმენიაკი ეწოდებოდა და სადაც სომხები ცხოვრობდნენ. ბოშების ერთი შტო იქიდან თანამედროვე სომხეთის ტერიტორიისკენ დაიძრა („ლომ“–ს შტო, ანუ „ბოშა“, ისევე როგორც მათ დღევანდელ ქართულში ვუწოდებთ). დანარჩენმა კი სვლა დასავლეთისკენ განაგრძო. სწორედ ისინი გახდნენ დღევანდელი ევროპელი ბოშების: რომა–, კალე–, სინტი–, მანუშ–ების წინაპრები. მიგრანტთა ნაწილი ახლო აღმოსავლეთში დარჩა (დომ–ების წინაპრები). არსებობს ვერსია, რომ კიდევ ერთი შტო გაემართა პალესტინისკენ და იქიდან კი ეგვიპტეში.

რაც შეეხება ე.წ. შუააზიელ ბოშებს, ანუ „ლიულის“ შტოს, როგორც მათ ხანდახან ეძახიან, ისინი უფრო ევროპელი ბოშების „ბიძაშვილები“ არიან. შუა აზიის ბოშური მოსახლეობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე თავის თემში იღებდა პენჯაბიდან წამოსულ მიგრანტთა ნაკადებს (მათ შორის ბელუჯების ჯგუფის ხალხსაც), ისტორიულად არაერთფეროვანი იყო.
ევროპელი ბოშები ბიზანტიაში მცხოვრები ბოშების შთამომავლები არიან. დოკუმენტები მოწმობენ, რომ ბოშები ცხოვრობდნენ როგორც იმპერიის ცენტრში, ასევე მის განაპირა პროვინციებშიც და აქვე მიიღო ამ ბოშების უმრავლესობამ ქრისტიანული სარწმუნოება. ბიზანტიაში ბოშებმა სწრაფად მოახერხეს საზოგადოებაში ინტეგრირება. სხვადასხვა ადგილებში მათ მეთაურებს იმპერიამ გარკვეული პრივილეგიებიც კი მიანიჭა. იმდროინდელი წერილობითი საბუთები ბოშების შესახებ ძალიან მწირია, მაგრამ რაც არის, იქიდან არ ჩანს, რომ ეს ხალხი რაიმე განსაკუთრებულ ინტერეს იწვევდა, ან რომ ისინი მარგინალურ ან კრიმინალურ ჯგუფებად აღიქმებოდნენ. ბოშები ასეთ დოკუმენტებში მოიხსენიებიან, როგორც ლითონზე მომუშავე ხელოსნები, ცხენის აღჭურვილობის დამამზადებლები, მკითხავები (ბიზანტიაში ეს ჩვეულებრივი პროფესია იყო), მომთვინიერებლები (უძველეს წყაროებში, როგორც გველების მომთვინიერებლები, ხოლო გვიანდელ წყაროებში – დათვების). ამასთან ყველაზე გავრცეელებულ პროფესიებად ბოშებში, როგორც ეტყობა მაინც არტისტული და სამჭედლო პროფესიები იყო, დოკუმენტებში მოიხსენიება ბოშა მჭედლების მთელი სოფლებიც კი.

ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ ბოშებმა ევროპისკენ დაიწყეს მიგრაცია. ევროპული წერილობითი წყაროების მიხედვით, პირველები, როგორც ეტყობა, ევროპაში ჩავიდნენ ამ ხალხის მარგინალურად, ავანტიურულად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ მათხოვრობით, მკითხაობით და წვრილმანი ქურდობით, რამაც საფუძველი დაუდო ევროპელებში ბოშების, როგორც ხალხის მიმართ, ნეგატიურ დამოკიდებულებას და მხოლოდ გარკევული პერიოდის შემდეგ დაიწყეს ჩასვლა მსახიობმა–მოცეკვავეებმა, მუსიკოსებმა, მომთვინიერებლებმა, ხელოსნებმა და ცხენებით მოვაჭრეებმა.

вторник, 15 февраля 2011 г.

ბოშა ხალხის ისტორია - ინდური პერიოდი

* ბოშები (შესავალი)



ბოშების ყველაზე გავრცელებული თვითსახელწოდება, რომელიც მათ ინდოეთიდან გამოტანეს, არის „რომ“ ან „რომა“ ევროპელ ბოშებში, „დომ“ – ახლო აღმოსავლეთისა და მცირე აზიის ბოშებში და „ლომ“ სომხეთის ბოშებში. ყველა ეს სახელწოდება მომდინარეობს ინდოარიული d’om–იდან პირველი ცერებრალური ბგერით. ცერებრალური ბგერა,
პირობითად რომ ითქვას, რაღაც საშუალოა ბგერებს „რ“–ს, „დ“–ს და „ლ“–ს შორის. ლინგვისტური გამოკვლევების თანახმად, ევროპელი „რომა“ და აზიელი და კავკასიელი (სომხეთის) „დომ“ და „ლომ“ ხალხები ინდოეთიდან წამოსული მიგრანტების სამი ძირითადი „ნაკადის“ შთამომავლები არიან. თანამედროვე ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში d’om–ის სახელის დაბალკასტური ჯგუფები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში მცხოვრები დღევანდელი „დომ“–ის ხალხის უშუალოდ ბოშებისადმი მიკუთვნება რთულია, მათ სახელს ბოშებთან სწორედაც რომ პირდაპირი კავშირი აქვს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ძნელია იმის გარკვევა, რა კავშირი ჰქონდათ წარსულში ბოშების წინაპრებს და თანამედროვე ინდოელი d’om–ის ხალხების წინაპრებს.

20–ე საუკუნის 20–იან წლებში ჩატარებული ლინგვისტური კვლევების შედეგების მიხედვით, რომლებსაც ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერიც იზიარებს, ბოშების წინაპრები ინდოეთის ცენტრალურ რაიონებში ცხოვრობდნენ და ინდოეთიდან გამოსვლამდე რამდენიმე საუკუნით ადრე (დაახლოებით 3–ე საუკუნე ჩვ. წელთაღრიცხვამდე) ჩრდილოეთ პენჯაბში გადასახლდნენ. სხვადასხვა კვლევების შედეგების მიხედვით, d’om–ის სახელის ხალხები ინდოეთის ცენტრალურ რეგიონებში ჩვ. წ–მდე V—IV საუკუნეებში ცხოვრობდნენ და საერთო წარმოშობის ხალხების ერთიანობას წარმოადგენდნენ, მაგრამ მოგვიანებით, კასტური სისტემის წარმოქმნასთან ერთად მათ კასტური იერარქიის დაბალი საფეხრუები დაიკავეს და შესაბამისად უკვე კასტური ჯგუფის სახითაც აღიქმებოდნენ. ამასთან კასტური სისტემაში მათი ინტეგრაცია მხოლოდ ინდოეთის ცენტრალურ რაიონებში ხდებოდა, ხოლო ჩრდილოეთით ისინი კვლავ თემური ჯგუფების სახით ცხოვრობდნენ. ბოშების ინდოეთიდან თემური სახით გამოსვლას ხელს უწყობდა ქვეყნს ჩრდილოეთში ირანული მომთაბარე ტომების შესვლა და ჩასახლება, რომელმაც ბოშების გამოსვლის პერიოდისთვის მასობრივი ხასიათი მიიღო. ამ გარემოებებმა, იმის გათვალისწინებით რომ თვით ინდოეთში ბურებრივი პირობებიდან გამომდინარე d’om–ის ხალხებს მუდმივად მომთაბარეობა უწევდა, განაპირობეს ამ ქვენიდან მათი გამოსვლის შემდეგაც მათი ცხოვრების წესი – მომთაბარეობა.

მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ინდოეთიდან გამოსვლის პერიოდში ბოშების წინაპრები საერთო წარმოშობის სოციალურად სტრუქტურირებულ ეთნიკურ მოსახლეობას წარმოადგენდა (და არა ცალკეულ კასტებს), რომლებიც სავაჭრო გადაზიდვებით და სატრანსპორტო ცხოველებით ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დამხმარე საქმიანობის სახით დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა ხელობებით და მომსახურებით.

ბოშებსა და თანამედროვე ინდოელი d’om–ის ხალხებს (რომელთაც მკვეთრად გამოხატული არაარიული ნაკვთები აქვთ, ვიდრე ბოშებს) შორის კულტურულ და ანტროფოლოგიურ სხვაობას მეცნიერები ხსნიან არიული გავლენით (კერძოდ კი ირანული მოდიფიკაციით) იმ რეგიონებში, სადაც ბოშების წინაპრები ცხოვრობდნენ, ანუ ინდოეთის ჩრდილო–დასავლეთი რეგიონებისთვის, სადაც ბოშების წინაპრები გამოსვლის წინა პერიოდში ცხოვრობდნენ.

ესეც მუსიკალური ნაწყვეტი ფილმიდან რაჯასტანელი ბოშების შესახებ:


суббота, 12 февраля 2011 г.

ბოშები -შესავალი


ბოშები ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობაა ევროპაში და მათ საერთო ინდური წარმოშობა აქვთ. ეთნოლოგები მათ ჯგუფთაშორის ეთნიკურ წარმონაქმნს უწოდებენ. ეს განსაზღვრება აღნიშნავს ბოშათა ჯგუფების მოზაიკურ განსახლებას სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას შორის და ამასთან დაკავშირებულ მათ თანამედროვე იდენტობას. მათი გავრცელებული თვითწოდებებია – რომ, რომა, თუმცა გამოიეყენება სხვა ეთნონიმებიც ციგნები, სინტი, მანუშ (ადამიანები), კალე. პოლიტიკურ დონეზე მათი საერთო სახელის სახით გამოიყენება რომა (Roms, Romanies).

სახელწოდება „ციგნების“, როგორც ეგზონიმის წარმოშობა თარიღდება მე–11 საუკუნით და იმ დროიდან ეს სახელი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში ამ ხალხის სახელწოდების სახით.

ინგლისელები ტრადიციულად მათ Gypsies ეძახიან (Egyptians — ეგვიპტელები),
ესპანელები Gitanos (Egiptanos – ასევე ეგვიპტელები), ფრანგები (Bohémiens – ბოჰემელები, ჩეხები), Gitans (დამახინჯებული ესპანური Gitanos) ან Tsiganes (ნასესხები ბერძნულიდან τσιγγάνοι, ცინგანი), გერმანელები – Zigeuner, იტალიელები – Zingari, ჰოლანდიელები – Zigeuners, სომხები Գնչուներ (გნჩუნერ), უნგრელები Cigany ან Pharao népek (ფარაონის თემი), ქართველები ვეძახით ძირითადად ბოშებს, ხოლო სახელწოდება ციგანი, ციგნები შემოსულია
რუსულიდან, ფინელები – mustalaiset (შავები), თურქები Çingeneler, აზერბაიჯანელები – Qaraçı (შავები), ბასკები – Ijitoak, ალბანელები – Jevgjit (ეგვიპტელები), ებრაელები צוענים (ცო’ანიმ), ძველ ეგვიპტეში ბიბლიური პროივიცნია ცოან–ის სახელწოდებიდან, სპარსელები کولی (ქოლი), ბულგარელები – Цигани. დღეისათვის სხვადასხვა ენებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ბოშების სახელწოდება მათი თვითწოდებიდან „რომა“.

ამგვარად, ბოშა მოსახლეობის „უცხოური“ წარმოშობის სახელწოდებებში ძირითადად სამი სახელწოდება დომინირებს:

რომელიც ასახავს მათზე უძველეს წარმოდგენებს, რომ თითქოს ისინი ეგვიპტელები არიან;
ბიზანტიური მეტსახელის „ატსიგანოსის“ (მკითხავები, ჯადოქრები) დამახინჯებული ვერსიები;
„სიშავის“ განსაზღვრება, როგორც გარეგნობის განმასხვავებელი ნიშნისა, სხადასხვა
ენებზე (აღსანიშნავია, რომ ბოშათა ერთერთი თვითსახელი ითარგმნება როგორც „შავი“)

ბოშები ცხოვრობენ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ავსტრალიაში. ევროპელი ბოშების მონათესავე ჯგუფები ცხოვრობენ ასევე წინა აზიის ქვეყნებშიც. ევროპელი ბოშების რაოდენობა სხვადასხვა გათვლებით 8–დან 10–12 მილიონამდეა. საბჭოთა კავშირში ოფიციალურად 175,3 ათასი ბოშა ცხოვრობდა (1970 წლის აღწერა).

ბლოგში თანდათანობით მოგიყვებით სხვა თემებზეც ბოშების შესახებ, მათ ეროვნულ სიმბოლოებზე, ხალხის ისტორიაზე, ენაზე, კულტურაზე, მუსიკაზე და ასე შემდეგ. ბლოგი განახლდება პერიოდულად და აკადემიურის გარდა შემოგთავაზებთ სხვა სახის ინფორმაციასაც.


ნაციონალური სიმბოლოები

1971 წლის 8 აპრილს შედგა ბოშათა პირველი მსოფლიო კონგრესი. ამ კონგრესის შედეგი იმაში მგომარეობს, რომ მსოფლიოს ბოშებმა აღიარეს საკუთარი თავი ერთიან არატერიტორიულ ერად და მიიღეს ეროვნული სიმბოლოები: დროშა და ჰიმნი, რომელიც ხალხურ სიმღერას „ჯელემ, ჯელემ“ ეფუძნება. გერბის ნაცვლად ბოშები იყენებენ სხვადასხვა ცნობად სიმბოლოებს: ალაჩოყის (ჩარდახიანი ეტლი) ბორბალს, ნალს, ბანქოს. ასეთი სიმბოლებითაა ძირითადად მორთული ბოშური წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და საიტები. ამ სიმბოლოთაგან ერთერთი შედის იმ ღონისძიებათა ლოგოტიპშიც, რომლებიც ბოშურ კულტურას ეძღვნება.



ბოშათა პირველი მსოფლიო კონგრესის საპატივსაცემოდ 8 აპრილი ბოშათა დღედ ითვლება. ბოშათა ზოგიერთ ჯგუფებს ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური რიტუალებიც აქვთ: საღამოობით, გარკვეულ დროს ანთებული სანთლით ხელში ქუჩაში დადიან.

* ბოშა ხალხის ისტორია – ინდური პერიოდი