ბოშების ჰიმნი ბოშა ხალხების ერთერთი საერთოეროვნული სიმბოლოა ბოშურ დროშასთან ერთად. ჰიმნი ოფიციალურად მიღებული იქნა 1971 წლის 8 აპრილს ბოშათა მსოფლიო კონგრესზე. ჰიმნი დაწერილია ხალხური სიმღერის „ჯელემ, ჯელემ“ საფუძველზე (ითარგმნება დაახლოებით – წავედით, წავედით). ჰიმნის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მკაცრად განსაზღვრული მელოდია არ გააჩნია და ყოველი შემსრულებელი ხალხურ მოტივებს საკუთარი არანჟირებით ასრულებს. ასევე ტექსტის რამდენიმე ვარიანტიც არსებობს, რომლებშიც მხოლოდ პირველი კუპლეტი და მისამღერი ემთხვევა ერთმანეთს. სიმღერის ყველა ვარიანტს ბოშები ჰიმნად აღიარებენ. ამდენი განსხვავებები კი იმითაა განპირობებული, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბოშებს მეტნაკლებად განსხვავებული მუსიკალური კულტურა აქვთ და ზოგჯერ დიდია სხვაობა მათ ენებშიც, რომელსაც მხოლოდ საფუძველი აქვს საერთო.
ინტერნეტში ამ სიმღერის უამრავი ვარიანტი შეიგიძლიათ მოიძიოთ. ჩემს ბლოგზე კი გთავაზობთ ჰიმნის მხოლოდ ორ ვარიანტს, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს. პირველ სიმღერას უნგრეთში მცხოვრები ბოშა მოზარდების გუნდი The Gandhi School Choir ასრულებს. ამ გუნდს ბევრი სხვა კარგი სიმღერაც აქვს და სურვილის შემთხვევაში იქვე youtube–ზე შეიძლიათ ნახოთ.
მეორე სიმღერას კი ლატვიელი ბოშა ბიჭი ძინტარს ჩიჩა ასრულებს თავის მეგობრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ ბიჭუნამ ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში საბავშვო ევროზიაზე გაიმარჯვა 2003 წელს.
აქვე ვაქვეყნებ ვიდეოს, თუ როგორი სიურპრიზი გაუკეთეს ბოშა მოზარდების გუნდს თავიანთმა უნგრელმა თანატოლებმა, რომლებმაც მათი სიმღერა შეასრულეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий