საქართველოში მცხოვრები ბოშების შესახებ ჯერ არაფერი დამიწერია, მაგრამ ერთმა მოვლენამ მაიძულა ამ საკითხს ნაადრევად შევხებოდი თემის აქტუალობიდან გამომდინარე.
როგორი წარმოდგენები გვაქვს საქართველოში და ზოგადად ქართველებს ბოშებზე? ციგნები, მაიმუნები, მათხოვრები, ბინძურები, ქურდბაცაცები და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას, არც თუ ისე სასიამოვნო ეპითეტებია. ხშირად ამ ადამიანებზე საუბრისას გვავიწყდება, რომ ისინიც ადამიანები არიან და ადამიანების დაყოფა პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ადამიანებად მისაბაძი საქციელი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, როცა ხშირად ამ ადამიანებს კრებითი სახელით მოვიხსენიებთ. ასეთ დამოკიდებულებას თავისი მიზეზები აქვს და არა მარტო საქართველოში და დაინტერესებულ ადამიანებს ამ ბლოგზე ბოშა ხალხის ისტორიას შეუძლია გადახედოს, ყველაფერი გარკვევით და ქართულ ენაზეა დაწერილი.
14 მარტს ქართული „ნიჭიერის“ ეთერი პირველი პრეცედენტი აღმოჩნდა, როდესაც საჯარო სატელევიზიო სივრცეში ბოშა ხალხის წარმომაგდენლები, საქართველოში მცხოვრებნი, საქართველოს მოქალაქეები სცენაზე და ტელევიზიით „არამათხოვრულ“ კონტექსტში წარსდგნენ. კახეთიდან ჩამოსული სამი ბოშა ქალი, თვალისმომჭრელად მოელვარე ფერად სამოსში გამოწყობილი ფილარმონიის სცენაზე ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ქუჩაში წვრილმანი ვაჭრობისა და მათხოვრობის გარდა ამ ადამიანებს სხვა რამეც შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ არც ქართული ენა იციან და არც რაიმე პროფესიას ფლობენ.
მათი შესრულებული საცეკვაო ნომერი არც ორიგინალური მოძრაობებით გამოირჩეოდა და არც რაიმე საკვირველი გაუკეთებიათ. სამი ქალი გავიდა სცენაზე და მორცხვად აპირებდა იმის გაკეთებას, რაც შეეძლოთ, რადგან ასეთი შანსი ყველას ეძლევა, ვინც კი სურვილს გამოთქვამს. ნომრით უკმაყოფილო ჟიურის კომენტარების მოსმენის შემდეგ კი მათ ღიმილით მადლობა გადაუხადეს ყველას და სცენიდან ისევე მორცხვად გავიდნენ, როგორც შემოვიდნენ.
თითქოს არც არაფერი, მაგრამ გადაცემის ორივე წამყვანის და ჟიურის სამივე წევრის დამოკიდებულებამ ამ სამი ქალის მიმართ, პირდაპირ რომ ვთქვათ, გამაღიზიანა. მუსიკის პირველივე აკორდებიდან, როცა ქალებმა ცეკვა დაიწყეს, ვანო თარხნიშვილი სიცილისგან ლამის გაიგუდა, და რა იყო სასაცილო ვერ მივხვდი. ის, რომ ბოშა ქალი ბოშურ მუსიკაზე ცეკვავს, უკვე სასაცილოა? არ დააყოვნა არც თიკა ფაცაციას რეაქციამ და ისე შეიცხადა „უბრალოდ ცეკვავენო“, თითქოს სანამ სცენაზე გავიდოდნენ, ბოშა ქალებმა ბოშური სტრიპტიზი შეპირდნენ პირადად ფაცაციას. „ვიცეკვებთო“, ნათლად უთხრეს ჟიურის და სხვა რა უნდა გაეკეთებინათ? „თავგასიებულმა“ (თავისი ტერმინია) ვანო ჯავახიშვილმა მესამე ზარის დაჭერისას ისე ამოიოხრა „მემგონი ისეთი მუსიკა იყო, რომ არასდროს დამთავრდებოდა“, თითქოს მანამდე რომ „აბობოქრებულ ზღვაში გატარებო“ მქუხარე აპლოდისმენტებით რომ გადაუშვეს მეორე ეტაპზე, სასცენო ხელოვნების მიღწევა იყო.
ამ დროს რა ხდებოდა დარბაზში – ხალხი ტაშსაც უკრავდა, ბევრი აჰყვა ცეკვაშიც, მაყურებელი აშკარად ხალისობდა ყოველგვარი დაცინვის გარეშე და როცა ჟიურიმ სამივე სიგნალს დააჭირა ხელი, უკმაყოფილებაც აშკარა იყო მაყურებლებში. ასე, რომ ნუ იტყვის ჟიური, რომ ხალხის სახელით და ხალხის ინტერესებიდან მოქმედებს. ადამიანებს ხალისიანი ფერები, სახალისო მუსიკა და განსხავებული საცეკვაო ნომერი აშკარად ართობდა. გარდა ამისა, რას მოელოდნენ სამი ქალისგან, რომლებიც ჩაკეტილ საზოგადოებაში ცხოვრობენ სოფელში, რომ მწყობრად იცეკვებდნენ და ხაზებს დაიცავდნენ? ხაზებს ბოლო 10 წელია სუხიშვილებიც არ იცავენ და დიდი ამბავი მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ჟიური ამაზე პრეტენზიას გამოთქვამდა. გარდა ამისა, სპეციალურად ფილმებისა და სცენისთვის შექმნილი ბოშური ნომრების გარდა მათ ფოლკლორში არ არსებობს არანაირი ხაზი ცეკვის დროს და რას მოითხოვდა ჟიური მაინც გაუგებარი იყო. ფაქტია, რომ ჟიურის წევრების „პროფესიონალური“ დასკვნები აშკარად დამამცირებელ ხასიათს ატარებდა, როცა რომ თავისუფლად შეეძლოთ თვითონ შემსრულებლებივით უბრალოდ მადლობა ეთქვათ მათთვის და ისე გაესტუმრებინათ სცენიდან.
საინტერესოა, ასე რომ ეცეკვათ ჩვენს ქართველ ბოშებს, რა აზრს გამოთქვამდა მაშინ კომპეტენტური ჟიური? ეს არის უნგრელი ბოშების ცეკვის ანსამბლი, რა ვუყოთ რომ ჩვენმა კახელმა ბოშებმა ჯერ ამდენს ვერ მიაღწიეს...
აუ მეც მაგრად გამიხარდა რომ დავინახე სცენაზე. სასაცილო არ ვიცი რა იყო . მე ძალიან გავხალისდი და ვცქმუტავდი ადგილზე . მოკლედ ალბათ შესაძლებელია უკეთესიც ყოფილიყო, ნუ რადგა ცეკვა იცოდნენ და მოძრაობაც გამოსდიოდათ რამე კიდევ უფრო კარგი გაკეთებინათ თუმცა საერთოდ რომ მივიდნენ შოუში მაინც კარგია ძალიან
ОтветитьУдалить