ევროპელმა გენეტიკოსებმა
ბოშების გენომის ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ეს ხალხი დაახლოებით 1500 წლის
წინ ჩამოყალიბდა ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთში, ხოლო ევროპის ტერიტორიაზე დაახლოებით
900 წლის წინ შეაღწია, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Current
Biology.
„გენეტიკის თვალსაზრისით,
ყველა ბოშას ერთმანეთთან ორი რამ აკავშირებს – ისინი ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთიდან მოდიან
და მათი წინაპრები მიგრაციის პერიოდში სხვადასხვა ეროვნების ხალხებზე ქორწინდებოდნენ
ევროპის ტერიტორიაზე. ჩვენი ნაშრომი ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ ბოშების გენეტიკური
ისტორიის გაგება აუცილებელია ევროპელების გენეტიკის სრულყოფილი შესწავლისთვის“, – განაცხადა მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მანფრედ
კაიზერმა როტერდამის უნივერსიტეტიდან.
მეცნიერების ჯგუფმა
კაიზერის ხელმძღვანელობით აღადგინა ბოშების ისტორია ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები
ბოშების 13 განცალკევებული ჯგუფის წარმომადგენელთა გენომების შედარებით და შეჯერებით.
ევროკავშირის
ტერიტორიაზე 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც საკუთარ თავს ბოშებს მიაკუთვნებს.
მათი უმეტესობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მათ შორის
რუმინეთსა და უნგრეთში. ბოშების წინაპრებს წერილობითი ისტორიული ძეგლები არ დაუტოვებიათ,
რის გამოც მათი ისტორიული სამშობლო და მიგრაციის ისტორია საიდუმლოებითაა მოცული.
კაიზერმა და მისმა
კოლეგებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს თვით ბოშების დამხარებით. მეცნიერებმა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
მცხოვრები 206 მოხალისე ბოშასგან შექმნეს ჯგუფი, რომლებისგანაც დნმ–ს სინჯები აიღეს
და მათი გენომები გაშიფრეს.
ამის შემდეგ გენეტიკოსებმა
მოხალისეთა გენომები შეადარეს ერთმანეთს და ასევე ევროპის ფარგლებს გარეთ მცხოვრები
5000–მდე ბოშას და სხვა ხალხების ვირტუალურ გენომსაც. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა,
რომ 800–მდე ერთნუკლეიტიდური პოლიმორფიზმი გამოევლინათ, რომლებიც შემდგომში გამოიყენეს
ე.წ. „რულეტკის“ სახით ხალხებს შორის გენეტიკური მანძილის შესაფასებლად.
გენეტიკოსების
გათვლით, ბოშების ყველაზე სავარაუდო სამშობლო ინდოეთის ჩრდილო–დასავლეთში მდებარე შტატები
– გუჯარათი, რაჯასტანი და ქაშმირია. სწორედ ამ რეგიონში ცხოვრობს რამდენიმე იზოლირებული
ხალხი, ისეთები, როგორიცაა მეგჰავალები გუჯარათში და პანდიტები ქაშმირში, რომელთა გენომიც
ყველაზე მეტად ჰგავს ბოშების დნმ–ს.
ბოშები ენების
ინდოევროპული ჯგუფის სხვა ხალხებს შედარებით გვიან გამოეყვნენ – დაახლოებით 1500 წლის
წინ. ამავე პერიოდში დაიძრნენ ისინი ევროპის მიმართულებით შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის
ქვეყნების გავლით.
მეცნიერების თქმით,
ევროპაში შეღწევამდე არც ისე დიდი ხნით ადრე და კიდევ მცირე ხანი ამ ტერიტორიაზე შესვლის
შემდეგ ბოშებმა პოპულაციის მკვეთრი შემცირების ორი პერიოდი გადაიტანეს. ამაზე ის მეტყველებს,
რომ ამ ხალხის სხვადასხვა წარმომადგენლების გენომებს შორის საკმაოდ ბევრი სხვაობაცაა.
ევროპელი და არაევროპელი
ბოშების გენომების შედარებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ხალხის პირველი წარმომადგენლები
ევროპაში დაახლოებით 900 წლის წინ გამოჩნდნენ. როგორც გენეტიკოსები ვარაუდობენ, ბოშები
თავიდან ჯერ ბალკანეთზე შევიდნენ, და მხოლოდ ამის მერე გადავიდნენ დასავლეთ ევროპაში.
„მთლიანობაში,
ჩვენმა ნამუშევარმა აჩვენა, რომ ბოშების დემოგრაფიული ისტორია, დიდი დისტანციის მიუხედავად,
ძალიან მდიდარი და რთულია. შემდგომი კვლევები გაფართოებული გეოგრაფიით საშუალებას მოგვცემს,
რომ ინდოეთში ბოშების მშობლიური პოპულაციაც ვიპოვოთ და ასევე გავარკვიოთ სხვა დეტალები
ევროპაში მათი მოგზაურობის შესახებ“ – ამბობს სტატიის ავტორი.
Комментариев нет:
Отправить комментарий