ფესტივალი, რომელსაც უამრავი ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტერესით ელოდა, შედგა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ბოშების გარდა 400–მდე ადამიანი შეიკრიბა ბოშათა პირველ ფესტივალზე. ღონისძიება ევროპის უმცირესობათა უფლებების ცენტრის (ECMI) მიერ იყო ორგანიზებული Innovations and reforms center UNHCR–ის მხარდაჭერით.
ფესტივალის ფოტოგალერეა:
ერთერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ჭედიამ ფესტივალის დაწყებამდე მითხრა: „ECMI-ს ბოშებთან უკვე დიდი ხანია აქვს შეხება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ჩაგვეტარებინა ბოშური ფესტივალი, რათა ბოშების მიმართ ქართული საზოგადოების ინტერესი გაგვეღვივებინა და მათი კულტურის და ტრადიციების შესახებ ინფორმაცია გაგვევრცელებინა“.
მისი თქმით, „ECMI-მ წელს ასევე დაიწყო ბოშური თემების მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს გადამზადებისა და ენის კურსებს. გარდა ამისა ECMI-მ 2009 წელს ხელი შეუწყო ორი ბოშური არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას სოფელ ლენინოვკაში (დედოფლისწყარო) და ქობულეთში. ორივე ორგანიზაცია ძალიან აქტიურია და აქტიურად იღებს მონაწილეობას ჩვენს აქტივობებში. ორივე ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მოცემული ფესტივალის ორგანიზებაში“.
ღია ცის ქვეშ გამართულ სცენაზე ფერადოვან ტანისამოსში გამოწყობილი ბოშები იდგნენ. მაყურებელთა შორის თბილისლების გარდა უამრავი უცხოელიც იმყოფებოდა. ფესტივალის მსვლელობისას საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბოშათა ხუთშვილიან ოჯახს სიმბოლურად გადასცა დაბადების მოწმობები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები. აქციის ორგანიზატორებმა დამსწრეებს ბოშა ხალხის ისტორია გააცნეს და პარტნიორი ორგანიზაციების გეგმებზე ისაუბრეს, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები 700 ბოშა ეროვნების ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციაა. ფესტივალის ორგანიზატორებმა ბოშებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც, ვისაც პირადობის მოწმობები და სხვა პირადი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ, მოუწოდეს, რომ მიაკითხონ საჯარო რეესტრის განყოფილებებს, მიიღონ საჭირო საბუთები და ისარგებლონ თავიანთი უფლებით გახდნენ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ასევე ბოშების მიერ ხელნაკეთი ნივთები, რომელთა შეძენაც ადგილზე შეიძლებოდა.
რა იქნებოდა ბოშური ფესტივალი, რომ არა მუსიკა და ცეკვები. მისულ მაყურებელს გული ამაზე ნამდვილად არ დაწყვეტიათ, რადგან სცენაზე მოცეკვავეებმა და მომღერლებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს, რასაც მაყურებელიც დამსახურებული აპლოდისმენტებით პასუხობდა.
ფესტივალის ფოტოგალერეა:
Комментариев нет:
Отправить комментарий