გვერდების რაოდენობა

вторник, 13 августа 2013 г.

ბოშა ბავშვები ახალგაზრდულ ბანაკში

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში მცხოვრები ბოშა ბავშვების ერთი ჯგუფი ანაკლიაში გაემგზავრება საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი რამდენიმე ქვეყნიდან სხვადასხვა ეროვნების თავიანთ თანატოლებთან ერთად იცხოვრებენ  და მათთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ.

მსგავსი საერთაშორისო საბავშვო–ახალგაზრდული ბანაკი სახელწოდებით „ტოლერანტობის სათავეები“ 2012 წლის 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე ბაკურიანშიც გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ბავშვები მონაწილეობდნენ 12–დან 17 წლის ასაკში, მათ შორის ბოშა ბავშვებიც.

ბავშვებს უკრაინიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კულტურას, ენებს, ისტორიას და შეეძინათ მეგობრები.



სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარდა ასევე ეროვნული დღეები, რომლის ფარგლებშიც ბანაკის  მონაწილეები დილიდან  საღამომდე  ეცნობოდნენ თავიანთი მეგობრების ენას, ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ცეკვებს, სიმღერებს და სამზარეულოს  იმ  ეთნიკურ  ჯგუფის  მიხედვით, ვისიც  დღეც  იყო გამოცხადებული. ასეთ დღეებში ყველა ბავშვი  ერთი რომელიმე  ეროვნების  ცხოვრებით ცხოვრობდა.



ბაკურიანის ბანაკში საქართველოდან 7 ბოშა ბავშვი მონაწილეობდა, მათ შორის 4 ქობულეთიდან და 3 დედოფლისწყაროდან.

წელს ანაკლიაში საქართველოში მცხოვრები ბოშა ბავშვები, ძირითადად, თბილისიდან, გაჩიანიდან გაემგზავრებიან.


ლენა პროშიკიანი