გვერდების რაოდენობა

воскресенье, 17 апреля 2011 г.

რაჯასტანიდან ანდალუზიამდე

მცხუნვარე მზისგან გამომშრალ ქვიშაში მცირერიცხოვანი ქარავანი რაჯასტანის უდაბნოში წყლისკენ იკვალავს გზას. ქარავანი ჭასთან ახლოს ბინავდება. ქალები და გოგონები ისეთ ღაჟღაჟა ტანისამოსში არიან გამოწყობილნი, რა ფერებსაც მხოლოდ სიზმარში თუ ნახავთ. და ეს სუსტი არსებები შესაშური ძალით იქნევენ უროს და მამაკაცებს ლითონის გამოჭედვაში ეხმარებიან. მოქარავნეთა ყოფა იმდენად რეალისტური და ყოფითია, რომ, როცა მთელს ამ უდაბნოში ერთადერთ ხესთან საზეიმო სამოსში გამოწყობილი ქალი თავბრუდამხვევ ბრუნებში ცეკვას იწყებს გამყინავი ხმის მქონე ბიჭის სიმღერაზე, რთულია იმის გარკვევა, სინამდვილეში რა ხდება ეკრანზე.

ასე იწყება შესანიშნავი ფრანგი რეჟისორის, ბოშურ–ბერბერული წარმოშობის ტონი გატლიფის ფილმი Latcho drom (ითარგმნება დაახლოებით როგორც „კეთილი მგზავრობა“). ამ რეჟისორის თითქმის ყველა ფილმი ბოშურ თემატიკას ეძღვნება და სხვადასხვა წლებში ბევრი საინტერესო სურათიც შექმნა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ Latcho drom–ზე ვისაუბრებთ.


1993 წელს გადაღებული ფილმი, რომლის პრემიერაც 1994 წელს აშშ–ში გაიმართა, სპეციფიური მიუზიკლია და მისი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ „ექშენის“ ნაირსახეობებით სულაც არ არის გადატვირთული, მაგრამ ამის მიუხედავად საათნახევარი გრძელდება. ამ სიტყვების გამო გულს ნუ გაიცრუებთ, შესანიშნავი ფილმია, თუმცა თავიდან ბოლომდე ეთნოგრაფიაა, ე.წ. ესთეტიზებული სამცენიერო–პოპულარული ჟანრი. ინდოეთის უდაბნოში თითქოს ათასობით წლის წინ დაწყებული მოგზაურობის ისტორია ესპანურ ფლამენკოში გაჟღერებული ბოშების თანამედროვე შიდაევროპული მიგრაციის კომენტირებით სრულდება. ფილმის ძირითად ნაწილში დიდი და ხმაურიანი ორომტრიალია, სადაც ბევრი შეეცდება, რომ თავისთვის ნაცნობი რამე ბგერა დაიჭიროს, ხოლო როცა ერთი ბაბუა ვიოლინოს სიმებიდან ამოდღლეზილი მელოდიით შავტუხა ბიჭუნას რაღაც ისტორიას უყვება, არ გაგიკვირეთ სიმებთან ერთად თუკი თქვენს სისხლძარღვებსაც ამოდღლეზს.


თავიდან ისეთი იქმნება შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი ეს აურზაური ოპერატორის კამერაში შემთხვევით მოხვედრილი დოკუმენტური მასალაა, რომელიც უკან დასდევდა მომთაბარეებს თანამედროვე საზაზღვრო საკონტროლო პუნქტების გადაკვეთისას და განსხვავებული ეპოქების ზღვარზე. თითქოს არც არანაირი სცენარი არ დაწერილა, და რეჟისორსაც სადღაც ბნელ კუთხეში ღრმად ეძინა. თითქოსდა პროფესიონალურობის ხელი მხოლოდ ქორეოგრაფიას ეტყობა, და ისიც „უხალტურებს“. სინამდვილეში კი ამ დამტვერილი კინოლენტის ყველა „ნაკუწს“ თავისი უხვი ოსტატური დრამატურგია აქვს – თუნდაც მცირე ვოკალურ–საცეკვაო ნომერს ან ქუჩაში მიმავალი ეტლებით გაღიზიანებული ძაღლების გააფთრებულ ყეფას. მთელი ეს მრავალდონიანი სპექტაკლი ყოფით ექსპრომტშია გადაწყვეტილი და როგორც კი გგონია, რომ კარგად გადაღებულ მუსიკალურ „კლიპს“ უყურებ, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე ყოფიერების სიმწარეში მოადენ ზღართანს. მაგრამ ამ ყველაფრისთვის რაღაც სტრუქტურული ხაზის მიცემას აზრი არ აქვს. ალბათ სურვილის შემთხვევაში შეიძლება მოძებნო, სად დადგმულია და სად „ნამდვილი“ კადრი, მაგრამ როგორც კი ამის გაკეთებას დაიწყებ, მაშინვე მუდამ ცოცხალი, „სიყალბეს მოკლებული“ სამყარო სახელად „ლაჩო დრომი“ ერთ წამში ჩამოიშლება და მოგზაურობაც ინტერესს დაკარგავს.

ეს სამყარო კი მართლაც საოცარია. რაღაცნაირი „შავტუხა“ რუტინა – პატარა ბიჭები „მდიდარი“ ბიძების ფეხსაცმელს წმენდენ, მოზარდები ერთმანეთს ეპრანჭებიან, ხალხმრავალ მოედანზე მამაკაცი დათვთან ერთად ართობს პუბლიკას, თბილისის თურქული აბანოების მსგავს გუმბათებიან შენობაში არაბულ მოტივებზე მოცეკვავეები ცეცხლს ანთებენ, ღრმად მოხუცი ბებიები კი ყველგან თამბაქოს ახრჩოლებენ არამიწიერი უსაქმურობით. მაგრამ ამ „წმინდანთა“ საზეიმო ხეტიალის ზენიტზე მხოლოდ მაშინ მოხვდები, როცა ხანგრძლივი ტანჯვისა და დამცირების შემდეგ მიხვდები, რომ ღმერთმა შენი ხალხი დაწყევლა... ეს გაორებული შეგრძნებაა – უძიროდ და უსახლკაროდ ცხოვრება და იმაზე ფიქრი, სად უნა გაიდგა ფესვები დევნისა და თავისუფლების ზღვარზე. ამ შეგრძნებითაა გაჟღენთილი „ლაჩო დრომის“ სამყარო, რომლის ნაწილიც ჩვენ ვერასდროს გავხდებით, რადგან ამ სამყაროში უნდა დაიბადო.

ფილმში ერთი მთლიანი სიუჟეტი თითქოს არ ვითარდება და იგი ცივილიზებული სამყაროს ჩერჩეტებს ბოშათა ისტორიას უყვება თავიდან ბოლომდე, ალაგ–ალაგ ამაყი თვითშემოქმედების გზაჯვარედინებზე გადახვევით, სადაც ღმერთსაც საკადრის პატივს მიაგებენ და სადაც ყოველდღიურ სადილსაც სამაძღროდ ამზადებენ. სურათი თითქოს მთელი ხალხის დიდ საიდუმლოს განდობს და გეუბნება, რომ ეს ბუნება, ეს მტრული კლიმატი, საცხოვრებლებში დაუდგრომელი აყალმაყალი და მთელი ეს სამყარო ნამდვილია, მისი დუბლირება შეუძლებელია და ასაკით რამდენიმე ათასი წლისაა. და აქედანაც გამომდინარეობს დამსახურებული ხალისი მათი მხიარულებისას და გულში ღრმად ჩამწვდომი ტკივილი სევდიანი სიმღერების დროს.

ასეულობით გმირია ფილმში, მაგრამ ისე დასრულდება, რომ გასაგებად გამოთქმულ ერთ სახელსაც ვერ გაიხსენებთ. ეს უნიკალური, უძველესი, მრავალფეროვანი და მოხეტიალე ფოლკლორია, რომელსაც შესაფერისი ადგილი არცერთ მუზეუმში არ მოეძებნება, თუმცა კანის ფესტივალზე 1993 წელს ფილმს წილად ხვდა Un Certain Regard Award, რის შემდეგაც ფაქტიურად „ლაჩო დრომმა“ ისეთ მიწიერ და „მალფუჭად“ მოვლენას აუბა მხარი, როგორიცაა მოდა ყოველგვარ ეთნიკურობასა და და კერძოდ ორიენტალიზმზე. ამიტომაც, თუ ამ რარიტეტს გადააწყდებით სადმე, ნუ გადავიწყდებათ, რომ ეს სასურსათო ბრენდი არ არის, ეს ექსპოზიციაა და ამ ორ გაგებას შორის დიდი უფსკრულია.