მცხუნვარე მზისგან გამომშრალ ქვიშაში მცირერიცხოვანი ქარავანი რაჯასტანის უდაბნოში წყლისკენ იკვალავს გზას. ქარავანი ჭასთან ახლოს ბინავდება. ქალები და გოგონები ისეთ ღაჟღაჟა ტანისამოსში არიან გამოწყობილნი, რა ფერებსაც მხოლოდ სიზმარში თუ ნახავთ. და ეს სუსტი არსებები შესაშური ძალით იქნევენ უროს და მამაკაცებს ლითონის გამოჭედვაში ეხმარებიან. მოქარავნეთა ყოფა იმდენად რეალისტური და ყოფითია, რომ, როცა მთელს ამ უდაბნოში ერთადერთ ხესთან საზეიმო სამოსში გამოწყობილი ქალი თავბრუდამხვევ ბრუნებში ცეკვას იწყებს გამყინავი ხმის მქონე ბიჭის სიმღერაზე, რთულია იმის გარკვევა, სინამდვილეში რა ხდება ეკრანზე.
ასე იწყება შესანიშნავი ფრანგი რეჟისორის, ბოშურ–ბერბერული წარმოშობის ტონი გატლიფის ფილმი Latcho drom (ითარგმნება დაახლოებით როგორც „კეთილი მგზავრობა“). ამ რეჟისორის თითქმის ყველა ფილმი ბოშურ თემატიკას ეძღვნება და სხვადასხვა წლებში ბევრი საინტერესო სურათიც შექმნა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ Latcho drom–ზე ვისაუბრებთ.
ეს სამყარო კი მართლაც საოცარია. რაღაცნაირი „შავტუხა“ რუტინა – პატარა ბიჭები „მდიდარი“ ბიძების ფეხსაცმელს წმენდენ, მოზარდები ერთმანეთს ეპრანჭებიან, ხალხმრავალ მოედანზე მამაკაცი დათვთან ერთად ართობს პუბლიკას, თბილისის თურქული აბანოების მსგავს გუმბათებიან შენობაში არაბულ მოტივებზე მოცეკვავეები ცეცხლს ანთებენ, ღრმად მოხუცი ბებიები კი ყველგან თამბაქოს ახრჩოლებენ არამიწიერი უსაქმურობით. მაგრამ ამ „წმინდანთა“ საზეიმო ხეტიალის ზენიტზე მხოლოდ მაშინ მოხვდები, როცა ხანგრძლივი ტანჯვისა და დამცირების შემდეგ მიხვდები, რომ ღმერთმა შენი ხალხი დაწყევლა... ეს გაორებული შეგრძნებაა – უძიროდ და უსახლკაროდ ცხოვრება და იმაზე ფიქრი, სად უნა გაიდგა ფესვები დევნისა და თავისუფლების ზღვარზე. ამ შეგრძნებითაა გაჟღენთილი „ლაჩო დრომის“ სამყარო, რომლის ნაწილიც ჩვენ ვერასდროს გავხდებით, რადგან ამ სამყაროში უნდა დაიბადო.
ფილმში ერთი მთლიანი სიუჟეტი თითქოს არ ვითარდება და იგი ცივილიზებული სამყაროს ჩერჩეტებს ბოშათა ისტორიას უყვება თავიდან ბოლომდე, ალაგ–ალაგ ამაყი თვითშემოქმედების გზაჯვარედინებზე გადახვევით, სადაც ღმერთსაც საკადრის პატივს მიაგებენ და სადაც ყოველდღიურ სადილსაც სამაძღროდ ამზადებენ. სურათი თითქოს მთელი ხალხის დიდ საიდუმლოს განდობს და გეუბნება, რომ ეს ბუნება, ეს მტრული კლიმატი, საცხოვრებლებში დაუდგრომელი აყალმაყალი და მთელი ეს სამყარო ნამდვილია, მისი დუბლირება შეუძლებელია და ასაკით რამდენიმე ათასი წლისაა. და აქედანაც გამომდინარეობს დამსახურებული ხალისი მათი მხიარულებისას და გულში ღრმად ჩამწვდომი ტკივილი სევდიანი სიმღერების დროს.
ასეულობით გმირია ფილმში, მაგრამ ისე დასრულდება, რომ გასაგებად გამოთქმულ ერთ სახელსაც ვერ გაიხსენებთ. ეს უნიკალური, უძველესი, მრავალფეროვანი და მოხეტიალე ფოლკლორია, რომელსაც შესაფერისი ადგილი არცერთ მუზეუმში არ მოეძებნება, თუმცა კანის ფესტივალზე 1993 წელს ფილმს წილად ხვდა Un Certain Regard Award, რის შემდეგაც ფაქტიურად „ლაჩო დრომმა“ ისეთ მიწიერ და „მალფუჭად“ მოვლენას აუბა მხარი, როგორიცაა მოდა ყოველგვარ ეთნიკურობასა და და კერძოდ ორიენტალიზმზე. ამიტომაც, თუ ამ რარიტეტს გადააწყდებით სადმე, ნუ გადავიწყდებათ, რომ ეს სასურსათო ბრენდი არ არის, ეს ექსპოზიციაა და ამ ორ გაგებას შორის დიდი უფსკრულია.
Комментариев нет:
Отправить комментарий