გვერდების რაოდენობა

понедельник, 30 мая 2011 г.

ბოშების ჰიმნი


ბოშების ჰიმნი ბოშა ხალხების ერთერთი საერთოეროვნული სიმბოლოა ბოშურ დროშასთან ერთად. ჰიმნი ოფიციალურად მიღებული იქნა 1971 წლის 8 აპრილს ბოშათა მსოფლიო კონგრესზე. ჰიმნი დაწერილია ხალხური სიმღერის „ჯელემ, ჯელემ“ საფუძველზე (ითარგმნება დაახლოებით –  წავედით, წავედით). ჰიმნის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მკაცრად განსაზღვრული მელოდია არ გააჩნია და ყოველი შემსრულებელი ხალხურ მოტივებს საკუთარი არანჟირებით ასრულებს. ასევე ტექსტის რამდენიმე ვარიანტიც არსებობს, რომლებშიც მხოლოდ პირველი კუპლეტი და მისამღერი ემთხვევა ერთმანეთს. სიმღერის ყველა ვარიანტს ბოშები ჰიმნად აღიარებენ. ამდენი განსხვავებები კი იმითაა განპირობებული, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბოშებს მეტნაკლებად განსხვავებული მუსიკალური კულტურა აქვთ და ზოგჯერ დიდია სხვაობა მათ ენებშიც, რომელსაც მხოლოდ საფუძველი აქვს საერთო.

ინტერნეტში ამ სიმღერის უამრავი ვარიანტი შეიგიძლიათ მოიძიოთ. ჩემს ბლოგზე კი გთავაზობთ ჰიმნის მხოლოდ ორ ვარიანტს, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს. პირველ სიმღერას უნგრეთში მცხოვრები ბოშა მოზარდების გუნდი The Gandhi School Choir ასრულებს. ამ გუნდს ბევრი სხვა კარგი სიმღერაც აქვს და სურვილის შემთხვევაში იქვე youtube–ზე შეიძლიათ ნახოთ.


მეორე სიმღერას კი ლატვიელი ბოშა ბიჭი ძინტარს ჩიჩა ასრულებს თავის მეგობრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ ბიჭუნამ ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში საბავშვო ევროზიაზე გაიმარჯვა 2003 წელს.


აქვე ვაქვეყნებ ვიდეოს, თუ როგორი სიურპრიზი გაუკეთეს ბოშა მოზარდების გუნდს თავიანთმა უნგრელმა თანატოლებმა, რომლებმაც მათი სიმღერა შეასრულეს.

воскресенье, 22 мая 2011 г.

თბილისში ბოშათა ფესტივალი შედგა

ფესტივალი, რომელსაც უამრავი ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტერესით ელოდა, შედგა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ბოშების გარდა 400–მდე ადამიანი შეიკრიბა ბოშათა პირველ ფესტივალზე. ღონისძიება ევროპის უმცირესობათა უფლებების ცენტრის (ECMI) მიერ იყო ორგანიზებული Innovations and reforms center UNHCR–ის მხარდაჭერით.

ერთერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ჭედიამ ფესტივალის დაწყებამდე მითხრა: „ECMI-ს ბოშებთან უკვე დიდი ხანია აქვს შეხება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ჩაგვეტარებინა ბოშური ფესტივალი, რათა ბოშების მიმართ ქართული საზოგადოების ინტერესი გაგვეღვივებინა და მათი კულტურის და ტრადიციების შესახებ ინფორმაცია გაგვევრცელებინა“.

მისი თქმით, „ECMI-მ წელს ასევე დაიწყო ბოშური თემების მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს გადამზადებისა და ენის კურსებს. გარდა ამისა ECMI-მ 2009 წელს ხელი შეუწყო ორი ბოშური არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას სოფელ ლენინოვკაში (დედოფლისწყარო) და ქობულეთში. ორივე ორგანიზაცია ძალიან აქტიურია და აქტიურად იღებს მონაწილეობას ჩვენს აქტივობებში. ორივე ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მოცემული ფესტივალის ორგანიზებაში“.


ღია ცის ქვეშ გამართულ სცენაზე ფერადოვან ტანისამოსში გამოწყობილი ბოშები იდგნენ. მაყურებელთა შორის თბილისლების გარდა უამრავი უცხოელიც იმყოფებოდა. ფესტივალის მსვლელობისას საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბოშათა ხუთშვილიან ოჯახს სიმბოლურად გადასცა დაბადების მოწმობები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები. აქციის ორგანიზატორებმა დამსწრეებს ბოშა ხალხის ისტორია გააცნეს და პარტნიორი ორგანიზაციების გეგმებზე ისაუბრეს, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები 700 ბოშა ეროვნების ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციაა. ფესტივალის ორგანიზატორებმა ბოშებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც, ვისაც პირადობის მოწმობები და სხვა პირადი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ, მოუწოდეს, რომ მიაკითხონ საჯარო რეესტრის განყოფილებებს, მიიღონ საჭირო საბუთები და ისარგებლონ თავიანთი უფლებით გახდნენ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ასევე ბოშების მიერ ხელნაკეთი ნივთები, რომელთა შეძენაც ადგილზე შეიძლებოდა.

რა იქნებოდა ბოშური ფესტივალი, რომ არა მუსიკა და ცეკვები. მისულ მაყურებელს გული ამაზე ნამდვილად არ დაწყვეტიათ, რადგან სცენაზე მოცეკვავეებმა და მომღერლებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს, რასაც მაყურებელიც დამსახურებული აპლოდისმენტებით პასუხობდა. 


ფესტივალის ფოტოგალერეა:












воскресенье, 8 мая 2011 г.

თბილისში პირველი რომა (ბოშათა) ფესტივალი გაიმართება

2011 წლის 21 მაისს (16.00–21.00) თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს ისტორიაში პირველი რომა (ბოშათა) ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მსვლელობისას სხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარდება ასევე კონცერტები, ფოტოგამოფენა და ბოშათა ბაზარი. ფესტივალის ორგანიზატორებს დახმარებას უწევენ უმცირესობათა უფლებების ევროპული ცენტრი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.


ჯერ–ჯერობით კონკრეტულად ფესტივალის ორგანიზატორებთან დაკავშირება ვერ მოვახერხე, ასე რომ სხვა დეტალები ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია.


თუმცა რომა (ბოშათა) ფესტივალებს უკვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და  ასეთი ფესტივალები წარმატებით ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც წესი, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ბოშათა სხვადასხვა თემების წარმომადგენლები საკუთარი კულტურის, მუსიკის, ცეკვების და სხვა სიმღერების დემონსტირებას ახდენენ. ფესტივალებს ყოველთვის უამრავი მაყურებელი ჰყავს და ისინი კარგად წარმოაჩნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ბოშების კულტურის მრავალფეროვნებას და ამავე დროს ერთიანობასაც.

ვფიქრობ, ეს ფესტივალი ლამაზი და მხიარული მოვლენის გარდა ხელს შეუწყობს ქართველებისთვის ბოშა ერის წარმომადგენელთა გაცნობას, რომლებიც, მართალია არც ისე ბევრნი, მაგრამ საქართველოშიც ცხოვრობენ და ძირითადად მარგინალურ ჯგუფებად ითვლებიან, რადგან აქტიურად ვერ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბავშვები უმეტესად სკოლაში არ დადიან, ხოლო ქალები წვრილმანი ვაჭრობით, მკითხაობითა და მათხოვრობით ცდილობენ ოჯახში შემოსავლის შეტანას. ქართულ ინტერნეტსაც (ფორუმები ძირითადად), რომ გადაავლოთ თვალი, ძალიან ბევრ ნეგატივს შეხვდებით ბოშებზე. ასევე დიდია ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაც საერთოდ იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი. ჩემი ბლოგის მკითხველებს მოკლედ კი შეუძლიათ გაეცნონ ამ ხალხის ისტორიას და ცხოვრების წესებს, მაგრამ რეალურ დროში გამართული ფესტივალი უფრო დიდ თვალსაწიერს მისცემს ბოშებით და მათი პრობლემებით დაინტერესებულ ადამიანებს არამარტო მათი კულტურის გაცნობის თვალსაზრისით, არამედ იმ კუთხითაც, რომ ბოშებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, განსხვავებულები, მაგრამ ჩვეულებრივები და რომ მათ უამრავი პრობლემები აქვთ, არა მსახიობებს და არტისტებს ამ შემთხვევაში, არამედ ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს, რომელთაც ქუჩაში ზოგჯერ ალმაცერად, ზიზღით ან ირონიით ვუყურებთ...