ბოშების ჰიმნი ბოშა ხალხების ერთერთი საერთოეროვნული სიმბოლოა ბოშურ დროშასთან ერთად. ჰიმნი ოფიციალურად მიღებული იქნა 1971 წლის 8 აპრილს ბოშათა მსოფლიო კონგრესზე. ჰიმნი დაწერილია ხალხური სიმღერის „ჯელემ, ჯელემ“ საფუძველზე (ითარგმნება დაახლოებით – წავედით, წავედით). ჰიმნის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მკაცრად განსაზღვრული მელოდია არ გააჩნია და ყოველი შემსრულებელი ხალხურ მოტივებს საკუთარი არანჟირებით ასრულებს. ასევე ტექსტის რამდენიმე ვარიანტიც არსებობს, რომლებშიც მხოლოდ პირველი კუპლეტი და მისამღერი ემთხვევა ერთმანეთს. სიმღერის ყველა ვარიანტს ბოშები ჰიმნად აღიარებენ. ამდენი განსხვავებები კი იმითაა განპირობებული, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბოშებს მეტნაკლებად განსხვავებული მუსიკალური კულტურა აქვთ და ზოგჯერ დიდია სხვაობა მათ ენებშიც, რომელსაც მხოლოდ საფუძველი აქვს საერთო.понедельник, 30 мая 2011 г.
ბოშების ჰიმნი
ბოშების ჰიმნი ბოშა ხალხების ერთერთი საერთოეროვნული სიმბოლოა ბოშურ დროშასთან ერთად. ჰიმნი ოფიციალურად მიღებული იქნა 1971 წლის 8 აპრილს ბოშათა მსოფლიო კონგრესზე. ჰიმნი დაწერილია ხალხური სიმღერის „ჯელემ, ჯელემ“ საფუძველზე (ითარგმნება დაახლოებით – წავედით, წავედით). ჰიმნის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მკაცრად განსაზღვრული მელოდია არ გააჩნია და ყოველი შემსრულებელი ხალხურ მოტივებს საკუთარი არანჟირებით ასრულებს. ასევე ტექსტის რამდენიმე ვარიანტიც არსებობს, რომლებშიც მხოლოდ პირველი კუპლეტი და მისამღერი ემთხვევა ერთმანეთს. სიმღერის ყველა ვარიანტს ბოშები ჰიმნად აღიარებენ. ამდენი განსხვავებები კი იმითაა განპირობებული, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბოშებს მეტნაკლებად განსხვავებული მუსიკალური კულტურა აქვთ და ზოგჯერ დიდია სხვაობა მათ ენებშიც, რომელსაც მხოლოდ საფუძველი აქვს საერთო.воскресенье, 22 мая 2011 г.
თბილისში ბოშათა ფესტივალი შედგა
ფესტივალის ფოტოგალერეა:
воскресенье, 8 мая 2011 г.
თბილისში პირველი რომა (ბოშათა) ფესტივალი გაიმართება
ჯერ–ჯერობით კონკრეტულად ფესტივალის ორგანიზატორებთან დაკავშირება ვერ მოვახერხე, ასე რომ სხვა დეტალები ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია.
თუმცა რომა (ბოშათა) ფესტივალებს უკვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ასეთი ფესტივალები წარმატებით ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც წესი, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ბოშათა სხვადასხვა თემების წარმომადგენლები საკუთარი კულტურის, მუსიკის, ცეკვების და სხვა სიმღერების დემონსტირებას ახდენენ. ფესტივალებს ყოველთვის უამრავი მაყურებელი ჰყავს და ისინი კარგად წარმოაჩნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ბოშების კულტურის მრავალფეროვნებას და ამავე დროს ერთიანობასაც.
воскресенье, 17 апреля 2011 г.
რაჯასტანიდან ანდალუზიამდე

მცხუნვარე მზისგან გამომშრალ ქვიშაში მცირერიცხოვანი ქარავანი რაჯასტანის უდაბნოში წყლისკენ იკვალავს გზას. ქარავანი ჭასთან ახლოს ბინავდება. ქალები და გოგონები ისეთ ღაჟღაჟა ტანისამოსში არიან გამოწყობილნი, რა ფერებსაც მხოლოდ სიზმარში თუ ნახავთ. და ეს სუსტი არსებები შესაშური ძალით იქნევენ უროს და მამაკაცებს ლითონის გამოჭედვაში ეხმარებიან. მოქარავნეთა ყოფა იმდენად რეალისტური და ყოფითია, რომ, როცა მთელს ამ უდაბნოში ერთადერთ ხესთან საზეიმო სამოსში გამოწყობილი ქალი თავბრუდამხვევ ბრუნებში ცეკვას იწყებს გამყინავი ხმის მქონე ბიჭის სიმღერაზე, რთულია იმის გარკვევა, სინამდვილეში რა ხდება ეკრანზე.
ასე იწყება შესანიშნავი ფრანგი რეჟისორის, ბოშურ–ბერბერული წარმოშობის ტონი გატლიფის ფილმი Latcho drom (ითარგმნება დაახლოებით როგორც „კეთილი მგზავრობა“). ამ რეჟისორის თითქმის ყველა ფილმი ბოშურ თემატიკას ეძღვნება და სხვადასხვა წლებში ბევრი საინტერესო სურათიც შექმნა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ Latcho drom–ზე ვისაუბრებთ.
ეს სამყარო კი მართლაც საოცარია. რაღაცნაირი „შავტუხა“ რუტინა – პატარა ბიჭები „მდიდარი“ ბიძების ფეხსაცმელს წმენდენ, მოზარდები ერთმანეთს ეპრანჭებიან, ხალხმრავალ მოედანზე მამაკაცი დათვთან ერთად ართობს პუბლიკას, თბილისის თურქული აბანოების მსგავს გუმბათებიან შენობაში არაბულ მოტივებზე მოცეკვავეები ცეცხლს ანთებენ, ღრმად მოხუცი ბებიები კი ყველგან თამბაქოს ახრჩოლებენ არამიწიერი უსაქმურობით. მაგრამ ამ „წმინდანთა“ საზეიმო ხეტიალის ზენიტზე მხოლოდ მაშინ მოხვდები, როცა ხანგრძლივი ტანჯვისა და დამცირების შემდეგ მიხვდები, რომ ღმერთმა შენი ხალხი დაწყევლა... ეს გაორებული შეგრძნებაა – უძიროდ და უსახლკაროდ ცხოვრება და იმაზე ფიქრი, სად უნა გაიდგა ფესვები დევნისა და თავისუფლების ზღვარზე. ამ შეგრძნებითაა გაჟღენთილი „ლაჩო დრომის“ სამყარო, რომლის ნაწილიც ჩვენ ვერასდროს გავხდებით, რადგან ამ სამყაროში უნდა დაიბადო.
ფილმში ერთი მთლიანი სიუჟეტი თითქოს არ ვითარდება და იგი ცივილიზებული სამყაროს ჩერჩეტებს ბოშათა ისტორიას უყვება თავიდან ბოლომდე, ალაგ–ალაგ ამაყი თვითშემოქმედების გზაჯვარედინებზე გადახვევით, სადაც ღმერთსაც საკადრის პატივს მიაგებენ და სადაც ყოველდღიურ სადილსაც სამაძღროდ ამზადებენ. სურათი თითქოს მთელი ხალხის დიდ საიდუმლოს განდობს და გეუბნება, რომ ეს ბუნება, ეს მტრული კლიმატი, საცხოვრებლებში დაუდგრომელი აყალმაყალი და მთელი ეს სამყარო ნამდვილია, მისი დუბლირება შეუძლებელია და ასაკით რამდენიმე ათასი წლისაა. და აქედანაც გამომდინარეობს დამსახურებული ხალისი მათი მხიარულებისას და გულში ღრმად ჩამწვდომი ტკივილი სევდიანი სიმღერების დროს.
ასეულობით გმირია ფილმში, მაგრამ ისე დასრულდება, რომ გასაგებად გამოთქმულ ერთ სახელსაც ვერ გაიხსენებთ. ეს უნიკალური, უძველესი, მრავალფეროვანი და მოხეტიალე ფოლკლორია, რომელსაც შესაფერისი ადგილი არცერთ მუზეუმში არ მოეძებნება, თუმცა კანის ფესტივალზე 1993 წელს ფილმს წილად ხვდა Un Certain Regard Award, რის შემდეგაც ფაქტიურად „ლაჩო დრომმა“ ისეთ მიწიერ და „მალფუჭად“ მოვლენას აუბა მხარი, როგორიცაა მოდა ყოველგვარ ეთნიკურობასა და და კერძოდ ორიენტალიზმზე. ამიტომაც, თუ ამ რარიტეტს გადააწყდებით სადმე, ნუ გადავიწყდებათ, რომ ეს სასურსათო ბრენდი არ არის, ეს ექსპოზიციაა და ამ ორ გაგებას შორის დიდი უფსკრულია.
среда, 30 марта 2011 г.
ბოშა ხალხის ისტორია – ბოშები აღმოსავლეთ ევროპაში (XV – XX საუკუნის დასაწყისი)

1432 წელს უნგრეთის მეფემ სიგიზმუნდ (ჟიგმონდ) ლიუქსემბურგმა ბოსები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რადგან ისინი იმ პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მხარის თავდაცვაში. ბოშები აკეთებდნენ ქვემეხების ჭურვებს, ამზადებნენ ცივ იარაღს და მხედრის აღჭურვილობას.
მუსულმანთა მიერ ბალკანეთის დაპყრობის შემდეგ ბოშათა უმეტესობა თავის ადგილზე დარჩა, რადგან მათი შრომა კვლავ მოთხოვნადი იყო. მუსულმანურ წყაროებში ბოშებს აღწერენ როგორც ოსტატებს, რომელთაც ლითონთან ფაქიზი მუშაობა შეუძლიათ, მათ შორის თოფების დამზადებაც. ქრისტიან ბოშებს თურქი დამპყრობლები მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების გარანტიას აძლევდნენ თურქული არმიის მომსახურეობის სანაცვლოდ. ბოშათა დიდი ნაწილი ბულგარეთში სწორედ რომ თურქულ ჯაერბთან ერთად მოხვდა (რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ცივი დამოკიდებულების ერთერთი მიზეზიცაა).
სულთან მეჰმედ მეორემ (დამპყრობელმა) ბოშებს გადასახადები დააკისრა, მაგრამ გადასახადებისგან გაათავისუფლა იარაღის დამამზადებლები და ისინი, ვინც ციხესიმაგრეებში ცხოვრობდნენ. უკვე მაშინ დაიწყო ბოშათა ნაწილმა ისლამის მიღება. ეს პროცესი შემდგომში დაჩქარდა თურქების მიერ დაპყრობილი მიწების ისლამიზაციის პროცესშიც, რა დროსაც ქრისტიანი მოსახლეობა იძულებული იყო უფრო მეტი გადასახადი გადაეხადა. ამ პოლიტიკს შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის ბოშები, ფაქტიურად მუსულმანებად და ქრისტიანებად გაიყვნენ.
XVI საუკუნეში თურქებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს ბოშათა აღწერის ჩასატარებლად. ოსმალურ დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი ასაკი, საქმიანობა და გადასახადების დაკისრებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები. რეგისტრაციას ექვემდებარებოდნენ მომთაბარე ჯგუფებიც. პროფესიათა ჩამონათვალი ძალიან ფართო იყო: ბალკანური არქივების დოკუმენტებში მოხენიებულნი არიან მჭედლები, ყასბები, მალიარები, მეწაღეები, დარაჯები, მატყლის დამამზადებლები, შიკრიკები, მკერავები, მწყემსები და ა.შ.
მთლიანობაში ბოშების მიმართ ოსმალოთა პოლიტიკა რბილი იყო. ამას დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა. ერთი მხრივ, ბოშები არ იქცნენ კრიმინალიზებულ ჯგუფებად, როგორც დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას ისინი თურქების მსახურებად მიაჩნდა და მათ მიმართ ცივად ან მტრულად იყვნენ განწყობილნი. მოლდავეთისა და ვლახების სამთავროში და მის გარშემო, მაგალითად, ბოშები „დაბადებით“ მონებად გამოაცხადეს. ყოველი ბოშა ეკუთვნოდა ეკუთვნოდა იმ მიწის პატრონს, სადაც მას ბრძანებამ მოუსწრო. ამავე ადგიულებში საუკუნეთა მანძილზე ბოშებს სასტიკ სასჯელებს უწესებდნენ, აწამებდნენ და გართობის მიზნით მასობრივ დასჯას უწყობდნენ. ბოშებით ვაჭრობა და მათი წამება ამ ადგილებში თითქმის XIX საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა. მონობა ამ ტერიტორიებზე ოფიციალურად გააუქმეს 1864 წელს. მონობის გაუქმების შემდეგ დაიწყო ბოშა–კელდერების აქტიური მიგრაცია რუსეთში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის კელდერი ბოშები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში იყვნენ.
ბოშები რუსეთში, უკრაინასადა საბჭოთა კავშირში (XVII საუკუნის ბოლო -XX საუკუნის დასაწყისი)
ყველაზე ძველი რუსული ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ბოშები არიან მოხსენებულნი 1733 წლითაა დათარიღებული და ჯარის შესანახად გადასახადებს ეხება। მანამდე ერთი საუკუნით ადრე კი ბოშები (სერვების ჯგუფები) თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ.
რუსეთში კი ახალი ეთნიკური ჯგუფები ტერიტორიების გაფართოების შემდეგ გამოჩნდნენ। მაგალითად, როცა რუსეთის იმპერიამ პოლონეთის ნაწილები შეიერთა – გამოჩნდნენ პოლონელი რომას ჯგიფები, ბესარაბიის შემოერთების მერე – მოლდაველი ბოშების სხვადასხვა ჯგუფები, ყირიმის შემოერთების შემდეგ კი – ყირიმელი ბოშები. XIX საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსეთში ბოშების ინტეგრაციისა და ერთ ადგილზე დამკვიდრების პროცესი, გაჩნდა პროფესიონალური არტისტების ფენები.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ გამდიდრებული მოვაჭრე ბოშებისა და მსახიობების ოჯახები იძულებულნი გახდნენ ჩვეული საქმიანობისთვის თავი დაენებებინათ და ისევ მომთაბარეობა დაეწყოთ, რადგან ვაჭრობა ლამის დანაშაულად ითვლებოდა, ხოლო მსახიობები კი ძირითადად მდიდრებისთვის დგამდნენ სანახაობებს, და მდიდართა ფენის გაქრობასთან ერთად საქმეც შემოელიათ. წითელი არმია მოხეტიალე ბოშებს არ ერჩოდა, რადგან მომთაბარენი ავტომატურად ღარიბებად ითვლებოდნენ. ბოშების ოჯახების ნაწილი ევროპაში, ჩინეთსა და ამერიკაში გადავიდა ემიგრაციაში. ახალგაზრდა ბოშა მამაკაცები კი მსახურობდნენ როგორც წითელ არმიაში, ასევე „თეთრებშიც“.
1927 წელს უკარინის საბჭოთა ხელისუფლებამ დადგენილება მიიღო ბოშების დახმარების შესახებ, თუკი ისინი მომთაბარე ცხოვრებიდან „დასახლებულ შრომით ცხოვრებას“ მიჰყოფდნენ ხელს. 20–იანი წლების ბოლოს ბოშურ ენაზე გამოიცემოდა პრესა, მოქმედებნენ სკოლა–ინტერნატები ბოშა ბავშვებისთვის და ასევე ტექნიკური სასწავლებლებიც.
ბოშები და მეორე მსოფილო ომი
მეორე მსოფლიო ომის დროს, უკანასკნელი გამოკვლევებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტებმა და მათმა მოკავშირეებმა 150 000 –200 000 ბოშა გაანადგურეს. 30 ათასი მათგან საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო.
ბოშებს არც საბჭოთა ხელისუფლებამ დააკლო და ყირიმიდან ყირიმელი თათრების გასახლების დროს მათთან ერთად გაასახლა მათი ერთმორწმუნე ყირიმელი ბოშები.
ბოშები ევროპის ფარგლებს გარეთ
ბოშები ისრაელში
- დომ–ის ბოშები. ისრაელსა და მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ ბოშების ტომები, რომლებიც ცნობილი არიან საერთო სახელით „დომ“. დომ–ის ბოშები სარწმუნოებით მუსულმანები არიან, ლაპარაკობენ ბოშური ენის ერთერთ დიალექტზე (ე.წ. დომარის ენა).
- რომა ბოშები. ცნობილია, რომ 1940–იანი წების ბოლოს და 50–იანი წლების დასაწყისში ისრაელში ზოგიერთი ევროპელი ბოშების ჯგუფები ჩავიდნენ. 90–იანი წლებიდან კი ისრაელში უკვე რუსულენოვანი ბოშებიც გამოჩნდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან.
ჩვეულებრივ, ისრაელში მცხოვრებ რომა და დომის ბოშებს ერთმანეთთან შეხება თითქმის არ აქვთ კულტურული და რელიგიური სხვაობის გამო.
ბოშები ჩრდილოეთ აფრიკაში
ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობენ კალეს ტომის ბოშები, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ანდალუზიელი ბოშები და ასევე დომის ბოშებიც. კინორეჟისორი ტონი გატლიფი – კალე ბოშაა ალჟირიდან. ბოშათა სამყაროში ჩრდილოაფრიკელ ბოშებს „მავრებს“ ეძახიან და ამ თვითდასახელებით ისინი თვითონაც ხშირად სარგებლობენ (მავრებს ეძახიან საკუთარ თავს ტონი გალიფიც და მოცეკვავე ხოაკინ კორტესიც, რომლის მამაც წარმოშობით ასევე ჩრდილოეთ აფრიკიდანაა).
ბოშები ამერიკის კონტინენტებზე
კანადაში რომა ბოშები ცხოვრობენ, ხოლო აშშ–ში ბოშების სამივე ევროპული შტოს წარმომადგენლები არიან, რომლებიც იქ სხვადასხვა დროს ჩავიდნენ. ამ ქვეყნებში ბოშებს საერთო კულტურა და ცხორების წესი არ აკავშირებთ და მრავალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს შეიძლება შეხვდეთ – დაწყებული მარგინალებით და მსხვილი ბიზნესმენებით დამთავრებული.
ლათინურ ამერიკაში ბოშების არსებობის შესახებ პირველი დოკუმენტური წყარო 1539 წლითაა დათარიღებული. პირველი ბოშები იქ თავისი ნებით არ ჩასულან, ისინი გადაასახლეს, ხოლო მოგვიანებით ესპანელი და პორტუგალიელი კალონსები (მონათესავე ბოშური ჯგუფები) მცირე ჯგუფებად ჩადიოდნენ სამხრეთ ამერიკაში უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით. სამხრეთ ამერიკაში ამჯამად ბოშებში ყველაზე პოპულარულია ავტომობილებით ვაჭრობის ბიზნესი.
ბოშები სამხრეთ კავკასიაში
სამხრეთ კავკასიაში ბოშების ორი უნიკლური სუბეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებიც დეტალურად აღწერა კეროპე პატკანოვმა. პირველი ჯგუფია სომხურენოვანი „ბოშა“, რომლებიც ძირითადად სომხეთსი ცხოვრობენ და ასევე საქართველოშიც, და რომლებიც ნაწილობრივ ინარჩუნებენ საიდუმლო ენას „ლომავრენ“. მეორე ჯგუფი კი აზერბაიჯანულენოვანი ბოშა–ქარაჩები არიან, რომლებიც აზერბაიჯანში ცხოვრობენ და რომლებმაც თავიანთი ბოშური ენა XX საუკუნის დასაწყისში დაკარგეს. ორივე ჯგუფის წამომადგენლები დღესდღეობით რამდენიმე ასეულ ადამიანს ითვლიან.
ბოშები ირანში
დომ და ლული. ირანში ტრადიციულად დომ–ის ბოშები ცხოვრობენ, რომლებიც აზერბაიჯანელ ქარაჩებს ენათესავებიან, ასევე არიან ლულის (ლურის) ბოშებიც.
რომა. ჩვენს დროში ირანში აღმნოაჩინეს ბალკანელი რომა–ბოშების ჯგუფი, რომელთაც ზარგარებს ეძახიან. ენის ანალიზმა ცხადჰყო, რომ ზარგარების წინაპრებმა ბალკანეთი XVII-XVIII საუკუნეებში დატოვეს. ინტერნეტის გაცნობამდე ზარგარებს ეგონათ, რომ მსოფლიოში ერთადერთი ბოშათა ტომს წარმოადგენენ. სარწმუნოებით ზარგარები შიიტები არიან და მათი ტრადიციული საქმიანობა მესაქონლეობა, მჭედლობა, მუსიკის შესრულება და საცალო ვაჭრობაა.
ბოშები თურქეთში
თურქეთში ბოშებს ეძახიან ჩინგენეს (ყველაზე გავრცელებული კრებითი სახელი), ასევე ჩინგიტებს, ნავარებს, ფოშას და რომანებს (ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების მიხედვით). მათი რაოდენობა ამ ქვეყანაში 700 ათასს აღწევს. განათლების დონე დაბალია. მათში ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა მჭედლობა და სხვა კუსტარული ხელობა, ყვავილების მოყვანა და გაყიდვა, ცეკვა და სიმღერა, მკითხაობა, ჯორების მოშენება და გლეხებისთვის მიქირავება, ჯართის შეგროვება. ცეკვავენ თავიანთ განსაკუთრებულ ბოშურ „მუცლის ცეკვას“, რომელსაც ასრულებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცებიც. ზოგადად უფრო უხეში ჩანს, ვიდრე თურქული ცეკვა და სხვა ელემენტებთან ერთად შეიცავს გამომწვევ ეროტიკულ მოძრაობებსაც.
ბოშები შუა აზიაში
- ლული. სახლობენ ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში, სადაც სავარაუდოდ სპარსეთიდან მოხვდნენ. საკუთარ თავს მუღათებს ეძახიან. ტრადიციული საქმიანობა: კუსტარული ხელობა, მათ შორის საიუველიროც, საქონლით ვაჭრობა, მუსიკა და მათხოვრობა. განათლების დონე ტრადიციულად დაბალია, თუმცა ამ ბოშების ცალკეულ წარმომადგენლებს უმაღლესიუ განათლებაც მიუღიათ. სარწმუნოებით მუსლიმები არიან.
- რომა. მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმელ თათრებთან ერთად უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ყირიმელი ბოშებიც გადაასახლეს. მათი ნაწილი მოგვიანებით ყირიმში დაბრუნდა ან საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში გადასახლდა, მაგრამ ამ ქვეყნებში დღემდე არიან ყირიმელი ბოშების წარმომადგენლები. გარდა ამისა, შუა აზიის ქვეყნებში რომა ბოშების სხვა განშტოებების ცალკეული მცირერიცხოვანი ჯგუფებიც გვხვდებიან.
вторник, 15 марта 2011 г.
არა შეჯდა მწყერი ხესა...
მათი შესრულებული საცეკვაო ნომერი არც ორიგინალური მოძრაობებით გამოირჩეოდა და არც რაიმე საკვირველი გაუკეთებიათ. სამი ქალი გავიდა სცენაზე და მორცხვად აპირებდა იმის გაკეთებას, რაც შეეძლოთ, რადგან ასეთი შანსი ყველას ეძლევა, ვინც კი სურვილს გამოთქვამს. ნომრით უკმაყოფილო ჟიურის კომენტარების მოსმენის შემდეგ კი მათ ღიმილით მადლობა გადაუხადეს ყველას და სცენიდან ისევე მორცხვად გავიდნენ, როგორც შემოვიდნენ.
пятница, 4 марта 2011 г.
ბოშა ხალხის ისტორია - ბოშები დასავლეთ ევროპაში
* ბოშები (შესავალი)


четверг, 17 февраля 2011 г.
ბოშა ხალხის ისტორია - ძველი ისტორია
* ბოშები (შესავალი)
* ბოშები (შესავალი)
* ბოშა ხალხის ისტორია - ინდური პერიოდი
ლინგვისტური და გენეტიკური კვლევების შედეგების მიხედვით, ბოშების წინაპრები ინდოეთიდან პირველად დაახლოებით 1000 კაცის ჯგუფის სახით გამოვიდნენ. ბოშების მიგრაციის დრო ზუსტად დადგენილი არ არის, ისევე როგორც მიგრაციის ტალღების რაოდენობა. სხვადასხვა მკვლევარები „პროტობოშების“ გამოსვლის დროდ ჩვენი წელთაღრიცხვის VI—X საუკუნეებს ასახელებენ. ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით, რომელიც ბოშათა ენებში სხვა ენებიდან შესული სიტყვების მიხედვით დადგინდა, თანამედროვე ბოშების წინაპრებმა დაახლოებით 400 წელი დაჰყვეს სპარსეთში, ვიდრე „რომ“–ების შტო დასავლეთით ბიზანტიის ტერიტორიისკენ გაემართებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციაში შეყოვდნენ, რომელსაც არმენიაკი ეწოდებოდა და სადაც სომხები ცხოვრობდნენ. ბოშების ერთი შტო იქიდან თანამედროვე სომხეთის ტერიტორიისკენ დაიძრა („ლომ“–ს შტო, ანუ „ბოშა“, ისევე როგორც მათ დღევანდელ ქართულში ვუწოდებთ). დანარჩენმა კი სვლა დასავლეთისკენ განაგრძო. სწორედ ისინი გახდნენ დღევანდელი ევროპელი ბოშების: რომა–, კალე–, სინტი–, მანუშ–ების წინაპრები. მიგრანტთა ნაწილი ახლო აღმოსავლეთში დარჩა (დომ–ების წინაპრები). არსებობს ვერსია, რომ კიდევ ერთი შტო გაემართა პალესტინისკენ და იქიდან კი ეგვიპტეში.
რაც შეეხება ე.წ. შუააზიელ ბოშებს, ანუ „ლიულის“ შტოს, როგორც მათ ხანდახან ეძახიან, ისინი უფრო ევროპელი ბოშების „ბიძაშვილები“ არიან. შუა აზიის ბოშური მოსახლეობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე თავის თემში იღებდა პენჯაბიდან წამოსულ მიგრანტთა ნაკადებს (მათ შორის ბელუჯების ჯგუფის ხალხსაც), ისტორიულად არაერთფეროვანი იყო.
вторник, 15 февраля 2011 г.
ბოშა ხალხის ისტორია - ინდური პერიოდი
* ბოშები (შესავალი)



суббота, 12 февраля 2011 г.
ბოშები -შესავალი
ბოშები ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობაა ევროპაში და მათ საერთო ინდური წარმოშობა აქვთ. ეთნოლოგები მათ ჯგუფთაშორის ეთნიკურ წარმონაქმნს უწოდებენ. ეს განსაზღვრება აღნიშნავს ბოშათა ჯგუფების მოზაიკურ განსახლებას სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას შორის და ამასთან დაკავშირებულ მათ თანამედროვე იდენტობას. მათი გავრცელებული თვითწოდებებია – რომ, რომა, თუმცა გამოიეყენება სხვა ეთნონიმებიც ციგნები, სინტი, მანუშ (ადამიანები), კალე. პოლიტიკურ დონეზე მათი საერთო სახელის სახით გამოიყენება რომა (Roms, Romanies).

ბოშათა პირველი მსოფლიო კონგრესის საპატივსაცემოდ 8 აპრილი ბოშათა დღედ ითვლება. ბოშათა ზოგიერთ ჯგუფებს ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური რიტუალებიც აქვთ: საღამოობით, გარკვეულ დროს ანთებული სანთლით ხელში ქუჩაში დადიან.
